10 October 2014

„გვაქვს კეთილი სურვილი და მზაობა, რომ მოხდეს შერიგების პროცესის დაწყება ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან“

საქართველოს მთავრობას აქვს სურვილი და მზაობა, რომ მოხდეს შერიგების პროცესი აფხაზ და ოს ძმებთანამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გუშინ გამოთქმულ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის, რაც მოხდა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში, ჩვენთვის და აფხაზი და ოსი ძმებისთვის არის ტრაგედია. – "გუშინ საუბარი იყო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გამოთქმულ ახალ ინიციატივაზე. ამაზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება მოსვლის დღიდან ვაჩვენებდით და ვაჩვენებთ ჩვენს კეთილ სურვილსა და მზაობას, რომ გვსურს რეალურად შერიგების პროცესის დაწყება ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან. ის, რაც მოხდა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში, არის ტრაგედია ჩვენთვის და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არ არის გონივრული გადაწყვეტილება, ეს აუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, უპასუხოს მათ კიდევ უფრო მეტი სიყვარულითა და სითბოთი.
"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, ჩვენი ძმებისთვის. შემთხვევითი არ არის ის, რომ სწორედ ამ გამყოფი ხაზის ირგვლივ ჩვენ ვაშენებთ მულტიფუნქციურ საავადმყოფოს და ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს შეეძლებათ იმკურნალონ ამ საავადმყოფოში, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება. ასევე იქ ვაშენებთ მრავალპროფილურ სავაჭრო კომპლექსს, რათა გავუადვილოთ მიმოსვლა და აღდგეს ხალხთა შორის ურთიერთობა და ნდობა. ეს არის ჩემი პოზიცია, ჩვენ ვპასუხობთ მათ კიდევ უფრო მეტი სიყვარულით და სითბოთი და ეს დაეხმარება ამ პროცესების შეჩერებას, ხოლო გუშინ გამოთქმული ინიციატივა აუარესებს ამ პროცესებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენგურზე, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასა და 6 "გამშვები პუნქტიდან" ხუთის დაკეტვას აპირებს. ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ამ დროისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე 6 – ერთი ცენტრალური და 5 დამატებითი გადასასვლელი ფუნქციონირებს. გალის რაიონში, ცენტრალური გამშვები პუნქტის გარდა, ხუთი დამატებითი გამშვები პუნქტი (4 საფეხმავლო და 1 საავტომობილო) 2013 წლის მაისში გაიხსნა. გალის რაიონის მცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ .. აფხაზური ან ყოფილი საბჭოთა პასპორტებით შეუძლიათ.

No comments:

Post a Comment