საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის შესაბამის უწყებაში ნოტა გააგზავნა და მოითხოვა იმის დამადასტურებელი ყველა საბუთი, თუ რა მოხდა გუშინ ბაქოს აეროპორტში , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს საგარეო უწყებაში მიწვეულია საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი და მისგან მოისმენენ, თუ რა ინფორმაციას ფლობს.
“ფაქტია, რომ რაღაცას ჰქონდა ადგილი, რაღაც პრობლემა იყო იქ, ჩვენი საელჩო აზერბაიჯანში ამ საკითხის გარკვევაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ძალიან დიდი ინტერესი იყო მედიის მხრიდან. საკითხის გასარკვევად, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს და, მით უმეტეს, პარლამენტის წევრს, საქართველოს საელჩოს საკონსულო დეპარტამენტი ვალდებულია საქმის ვითარება გაიგოს”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის თქმით, სოწორედ ამ მიზნით საქართველოს კონსული და ვიცე-კონსული აეროპორტში გაემგზავრნენ, რათა გაერკვიათ, რა საფუძველი ჰქონდა გავრცელებულ ხმებს. მინისტრის განმარტებით, აეროპორტში საქართველოს ელჩი არ ყოფილა, თუმცა მან გაიგო, რომ რაღაც ხდებოდა თავისი კოლეგებისგან და წყაროებისგან და გუშინ ეს ინფორმაცია გაავრცელა.
“რადგან ამ საქმეში არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, არსებობს, ერთი მხრივ, ელჩისთვის მაღალი დონიდან დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის ორი წევრი საბაჟოზე შეაჩერეს იმის გამო, რომ მათ თან ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა, ჩვენ დავავალეთ ჩვენს საელჩოს, ზუსტად გაერკვეს საქმის ვითარებაში, გაგზავნილია შესაბამისი ნოტა აზერბაიჯანის შესაბამის უწყებაში და მოთხოვნილია იმის დამადასტურებელი ყველა საბუთი, თუ რა მოხდა გუშინ ბაქოს აეროპორტში “, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

No comments:
Post a Comment