08 July 2015
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია არქიმანდრიტ ილია კარტოზიას განსაკუთრებული სიმამაცისთვის აჯილდოებს
2014 წლის 28 დეკემბერს იტალიური ბორანი “Norman Atlantic”, ადრიატიკის ზღვაში საბერძნეთიდან სამხრეთ იტალიისკენ მიემართებოდა. როდესაც გემზე ხანძარი გაჩნდა, ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.36 საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელიც ვერტმფრენებისა და სამაშველო ნავების საშუალებით ჩატარდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ რიცხვშია გმირულად დაღუპული მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია. მამა ილია იტალიაში, ქ. ბარიში წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა და უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. სამწუხაროდ მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოვებს სხვადასხვა ადამიანებს. წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მიერ აღნიშნული ჯილდოს მისაღებად მამა ილია კარტოზიას კანდიდატურა წარადგინა, რაც, განხილულ იქნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიაზე და გადაწყდა მამა ილია კარტოზია დაჯილდოვდეს ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი. ასეთი დონის საზღვაო ჯილდო საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია აქამდე და მიუხედავად ტრაგიკული შემთხვევისა, საკმაოდ სასიხარულო ფაქტია ქართველი სასულიერო პირის სიმამაცის დაფასება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ. დაჯილდოვების ცერემონია დაგეგმილია 2015 წლის ნოემბერში.
კატეგორია:
საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment