19 February 2015

HSBC–ს სკანდალს საქართველოს 3 მოქალაქე უკავშირდება

HSBC-ს ჟენევის ოფისის სამიანობის სკანდალში საქართველოც გაეხვა. კვლევაში საქართველოსთან კავშირში მყოფი 25 პირია აღნიშნული.

მიმდინარე წლის 10 თებერვალს ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) ბანკი HSBC-ის ჟენევის ოფისის საქმიანობის გამოძიების მასალები საკუთარ გვერდზე განათავსა.

კერძოდ, კვლევაში აღნიშნულია, რომ 100 000-ზე მეტ ანგარიშზე 100 მილარდზე მეტი შავი ფული ინახებოდა. კლიენტები კი ბანკის მომსახურებას გადასახადების თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ.

კვლევაში საუბარი საქართველოზეცაა. კერძოდ, გაჟონილი ინფორმაციით, საქართველოსთან კავშირში მყოფი კლიენტების $29.4 მილიონი ინახებოდა და საქმეში გარეული ქვეყნებიდან თანხის მოცულობის სიდიდით, ის 132-ე ადგილზეა.

კერძოდ, HSBC -ში 1975 წლიდან 2006 წლამდე საქართველოსთან კავშირში მყოფი პირების 31 საბანკო ანგარიში ფიქსირდება, საიდანაც ერთერთ კლიენტს მაქსიმალური თანხა  $10 მილიონი უფიქსირდება.

ამასთან, 100,000 ეჭვმიტანილი პირიდან არსებობს 25 კლიენტი, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული, აქედან 3 პირია  ქართველი ან ქართული პასპორტის მქონე.

ჟურნალისტურ საგამოძიებო მასალებში ღიად  მხოლოდ 64 პირის სახელი და გვარია დასახელებული, თუმცა მათგან არცერთი საქართველოს მოქალაქე არ ფიქსირდება. ათასობით ეჭვმიტანილის ვინაობა კი ჯერჯერობით საზოგადოებისთვის უცნობია.

ცნობისთვის, HSBC-ს მონაცემები თავიდან საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის კრისტინ ლაგარდის ხელში აღმოჩნდა, შემდგომ კი სხვადასხვა ქვეყნების საგამოძიებო სამსახურებს გადაეცა.

ინფორმაცია გაზეთი "ლა მონდისთვისაც" გახდა ცნობილი, ამ უკანასკნელმა კი აღნიშნული საკითხის გამოძიებაში სწორედ ICIJ-ი ჩართო.

აღმოჩნდა, რომ კრიმინალებს, მათ შორის იარაღითა და ნარკოტიკებით მოვაჭრეებს, HSBC-ის ჟენევის ფილიალში უამრავი ანგარიში ჰქონდათ გახსნილი. ბევრი კლიენტი ბანკის მომსახურებას გადასახადების თავიდან ასაცილებლად იყენებდა.

ყველაზე მეტი შავი ფული 12.6 მილიარდი დოლარი ვენესუელის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკუთვნოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ HSBC-მ საბანკო ლიეცნზია საქართველოში 2007 წელს მიიღო, ხოლო საქართველოში საბანკო ოპერაციების განხორციელება 2008 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდში კი მისი კაპიტალი 23.9 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო 2009 წლის მარტში კი ბანკის კაპიტალი $5 მილიონით გაიზარდა. 2009 წლის მაისისთვის კი მისი კაპიტალი უკვე 32.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

ინფორმაცია ბანკის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ HSBC-ის თანამშრომლის მეშვეობით გახდა ცნობილი. ევრე ფალჩიანი ბანკიდან 2008 წელს წამოვიდა და თან წამოიღო 5 კომპიუტერული დისკი საიდუმლო ინფორმაციით.

ბანკის ყოფილი მენეჯმენტი კი საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.


წყარო: www.commersant.ge

No comments:

Post a Comment