26 January 2015

“ევროპარლამენტში “სააკაშვილის რეჟიმის სისხლიან ქრონიკაზე” გამოფენამ აუდიტორიის ინტერესი გამოიწვია”

“სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა” – ევროპარლამენტში
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყველა თაობა საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ფილმი ნახეს.
ფილმის ჩვენება ევროპარლამენტის საკონფერენციო დარბაზში, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რამდენჯერმე გაიმართა. ევროპარლამენტში ამავე თემაზე გამოიფინა ბანერები და დარიგდა ბუკლეტები.
“ყველა თაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გია სალუქვაძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის, ევროკომისიის, დიპლომატიური და ჟურნალისტთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. კერძოდ, სალუქვაძე შეხვდა ევროპარლამენტის დეპუტატებს: ანტანას გუოგას – ევროპარლამენტი-საქართველოს ურთიერთობის კომიტეტის წევრს და საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელს, ირიშ ჰოფფმანს – გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს, ევროპარლამენტის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის წევრს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეს, ევროპის სოციალისტური ინტერნაციონალის თანათავმჯდომარესა და სხვა პირებს.
გია სალუქვაძეს “კვირა“ ბრიუსელში დაუკავშირდა.
როგორც სალუქვაძემ, განაცხადა, ფილმში ასახულმა კადრებმა აუდიტორიაში აღშფოთება და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისადმი მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
მისი თქმით, ფილმი, რომლის ქრონომეტრაჟი სულ თვრამეტი წუთია, ევროპარლამენტის პრესის დარბაზში, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რამდენჯერმე აჩვენეს.
„ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვახდენდით სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის დემონსტრირებას. უამრავი ხალხი მოდიოდა და  საგრძნობი დაინტერესებაც იყო. ფილმს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება შოკირებულია. ნაჩვენები იყო „ნავთლუღის სპეცოპერაციის“, გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ვაზაგაშვილის საქმეების ამსახველი სისხლიანი კადრები. განსაკუთრებით დიდი დაინტერესება გამოიწვია ვაზაგაშვილის საქმემ და იმ ფაქტმა, რომ მამამისი ლიკვიდირებულია, ანუ თემა ჯერ კიდევ აქტუალურია იმ გაგებით, რომ ამდენი ხნის წინ მომხდარ დანაშაულს რამდენიმე დღის წინ ასეთი გამოძახილი მოჰყვა.
მე პირადად აქ მოსული ხალხისთვის რამდენჯერმე მომიწია გარკვეული დეტალების ახსნა, რადგან ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს კადრები რეალურია.
ფილმის ჩვენებას, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი საელჩოს წარმომადგენელიც ესწრებოდა. DVD დისკებზე ჩავწერეთ ჩვენ მიერ მომზადებული ფილმი და ასევე გოგა ხაინდრავას ფილმი “დემოკრატიის შუქურა“, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას გამოფენის შემდეგ გადაეცათ. ფილმის ჩვენების შემდეგ გავმართე პრესკონფერენცია, ასევე ინტერვიუ მივეცი რამდენიმე უცხოურ მედიასაშუალებას.
ფილმში ასევე ასახულია იმ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები, რომლებსაც ბრალი აქვთ წარდგენილი და განაჩენებიც დამდგარია. ჩვენ შეგნებულად მოვერიდეთ მასში ჩვენი მოსაზრებების ჩადებას. გამოყენებული გვაქვს HUMMAN RAIGHTS WATCH-ის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ქმედებებს უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასა და ევროპელ დეპუტატებს ვაჩვენოთ ის ქმედებები, რაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო, რათა გაიაზრონ ყველაფერი. გამოფენის ორგანიზებაში ადგილობრივი “არასამთავრობო ორგანიზაციები“ და ჟურნალისტები დაგვეხმარნენ, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით”, – განუცხადა “კვირას“ გია სალუქვაძემ.
სალუქვაძე ასევე ნაყოფიერს უწოდებს ბრიუსელში ევროპარლამეტარებთან გამართულ შეხვედრებს.
„შევხვდით წამყვანი ფრაქციის წევრებს. „ევროპის სახალხო პარტიის” შემდეგ რაოდენობრივად მეორე ფრაქციისგან “სოციალისტური ალიანსისგან” მივიღეთ მიწვევა კომიტეტის სხდომაზე, რათა ჩვენ იქ სიტყვით გამოვიდეთ“, – განუცხადა “კვირას“ სალუქვაძემ.
აღნიშნული ფილმისა და ბრიუსელში ჩატარებული ღონისძიებების პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე საქართველოშიც გეგმავს.

No comments:

Post a Comment