18 October 2014

რუსთავში დღეს რუსთავქალაქობის დღესასწაულს აღნიშნავენ

18 და 19 ოქტომბერს რუსთავში რუსთავქალაქობის დღესასწაულს აღნიშნავენ.  სადღესასწაულო ღონისძიებებით დატვირთული იქნება რუსთავქალაქობის ორივე დღე. 18 ოქტომბერს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წიგნების გამოფენა-გაყიდვა და რუსთაველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. პარალელურად კოსტავას გამზირზე მარნეულის სასურსათო ქარხნის "მწნილისა და მურაბის" ფესტივალი გაიმართება. 12.00 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღონისძიებები ფლეშმობით გაგრძელდება. ქალაქის ცენტრალური მოედანზე სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართება სხვადასხვა შოუ-პროგრამა, მოეწყობა საცირკო სანახაობაც.
17.00 საათზე ფოლკლორული მუსიკის კონცერტი ჩატარდება, მოგვიანებით როკ მუსიკის მოყვარულებს ჯგუფ ,,ბერმუხას" მოსმენის საშუალება ექნებათ. დღესასწაულის პირველ დღეს ანსამბლები "ჩაკრულო" და "რუსთავი" დაასრულებენ.
10.00 საათიდან დაიწყება ღონისძიებები 19 ოქტომბერსაც. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე "შემოდგომის დღესასწაული" გაიმართება, სადაც რუსთავის საჯარო სკოლები საქართველოს სხვადასხვა კუთხის და რუსთავის დამეგობრებული ქალაქების ფოლკლორს წარმოადგენენ. 19.00 საათზე ანსამბლ "თუთარჩელას" კონცერტის დაწყებამდე, საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
გალა-კონცერტს 21.00 საათზე ჯგუფების "მეტეხისა" და "მგზავრების" კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს. რუსთავქალაქობის დღესასწაულს რუსთავი წელს მეთხუთმეტედ აღნიშნავს. დღესასწაულზე მიწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები. საზეიმო ღონისძიებებს დაესწრებიან უცხოელი სტუმრებიც.

No comments:

Post a Comment