19 March 2015

"მოვუწოდებთ რუსეთს, წაიღოს უკან ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება"


ნატო რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებულ ე.წ ხელშეკრულებას არ აღიარებს.
ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ე.წ ხელშეკრულება არის რუსეთის ფედერაციის მორიგი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს საერთაშორისო საზოგადოების მცდელობას, უზრუნველყოს რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება. ის არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლინობასა და სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, ასევე ეუთოს პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას.
ე.წ ხელშეკრულება კონფლიქტის მშივობიან გადაწყვეტას ხელს არ უწყობს. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, წაიღოს უკან ე.წ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება და გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან"- ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კრემლში რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ხელშეკრულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი, რომლის ხელმოწერა აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში იგეგმება, რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონს შორის თითქმის ყველა სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება 25 წლის ვადით ფორმდება. მსგავს შეთანხმებას ოკუპირებულ აფხაზეთთან გასული წლის ნოემბერში მოეწერა ხელი.

No comments:

Post a Comment