24 February 2015

ნარმანიას მოადგილეებმა მარგიშვილმა და ხელაიამ თანამდებობები დატოვეს

ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერის დავით ნარმანიას მოადგილეებმა  ალექსანდრე მარგიშვილმა და გიორგი ხელაიამ თანამდებობები დატოვეს.

ალექსანდრე მარგიშვილიც და გიორგი ხელაიაც ნარმანიას მოადგილეებად 2014 წლის აგვისტოში დაინიშნნენ, მარგიშვილი ასევე თბილისის ვიცემერის პოსტს იკავებდა.


მარგიშვილის თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურა განიხილება, რომელიც მოვალეობას 2012  წლის 30 ოქტომბრიდან ასრულებს. ქუმსიშვილი მანამდე სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა - მათ შორის 1999-2011 წლებში "ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მერიის მაღალჩინოსნების გადადგომა ჯოკია ბოდოკიას საქმეს უკავშირდება, თუმცა არც მათ მიერ თანამდებობების დატოვების ფაქტს და არც საქმესთან კავშირს დედაქალაქის მერიაში არ ადასტურებენ.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია, ქრთამის აღების ბრალდებით, შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ 11 თებერვალს დააკავა.

პროკურატურა ბოდოკიას განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებას ედავება. საუბარია 180 ათას დოლარზე - გამოძიების ვერსიით, მან მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 დოლარი წინასწარ აიღო.

No comments:

Post a Comment