21 January 2015

პრემიერი დავოსში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში, რიგით 45-ე სესიაზე დასასწრებად გუშინ გაემგზავრა. 

საქართველოს დელეგაციაში ასევე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია და საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე შედიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბის კერძო მიღებასა და სადილს დაესწრება.

პრემიერი სესიაზე - Travel and Trade in a High-Risk Era და სამუშაო სადილზე - Europe Growth Markets სიტყვით გამოვა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას ,,მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში" მიიღებს, სადაც მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები განისაზღვრება.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშიც მოხვდება. ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ Die Welt-თან და პირდაპირი ჩართვის განხორციელება ტელეკომპანია CNBC -ის ეთერში უკვე დაგეგმილია.

No comments:

Post a Comment