26 December 2014

ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს არ ვაპირებთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ხელისუფლება მათგან კრიტიკას ვერ მიიღებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 2014 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ნაცმოძრაობის“ წევრები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პასუხისმგებლები არიან.

პრემიერმა ასევე, საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან კონსტრუქციულ პოლიტიკას აწარმოებს, რუსეთმა არაადეკვატური ნაბიჯი გადადგა, როცა აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმება გააფორმა და სამხრეთ ოსეთთანაც იმავეს აპირებს.

„ეს ძალიან ცუდი სიგნალია. ეს ჩვენს ურთიერთობებს არ წაადგება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ პრინციპულები ვიქნებით და ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს არ ვაპირებთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიეირის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და ამას საგარეო უწყება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, წარმატებულად ახორციელებს, რისი შედეგიცაა ის, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებულია. 

„ყველა დიდმა სახელმწიფომ რუსეთის ეს ნაბიჯი დაგმო. ეს მორიგი ნაბიჯია ანექსიისკენ, ცუდად აისახება რეგიონში არსებულ ვითარებაზეც და ჩვენს ურთიერთობებშიც. ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ეს საკითხი ყურადღების ცენტრში იყოს“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრას, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას პუტინთან შესახვედრად მზაობა აქვს, თუმცა ამ შეხვედრას დაგეგმვა სჭირდება. 

„შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს. ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ როდის შედგება და რა ფორმატით შედგება ის. ეს შეხვედრა უნდა შედგეს მაგრამ ამას ძალიან კარგი მომზადება სჭირდება“,-განაცხადა პრემიერმა. 

No comments:

Post a Comment