24 December 2014

კეზერაშვილმა ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ზე შტატებისა და ხელფასების შემცირება მოსთხოვა


ახალი წლიდან „რუსთავი 2“-ზე სავარაუდოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. არხის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, ამ ეტაპზე საფრანგეთში მყოფი, ინტერპოლით ძებნილი დავით კეზერაშვილი, ნიკა გვარამიას დაუკავშირდა და არხზე შტატებისა და ხელფასის შემცირება მოსთხოვა.

ამის შესახებ სტატიას გაზეთი „ალია“ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კეზერაშვილს უთქვამს, რომ „რუსთავი 2“-ს ძველებურად აღარ დააფინანსებს, ეს გადაწყვეტილება კი მას იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივი შეთანხმების შემდეგ მიუღია. სააკაშვილი იმ გასართობი შოუების სიმრავლით, რომელიც არხზე გადის, უკმაყოფილო ყოფილა. „ნაცმოძრაობის“ ლიდერთათვის „რუსთავი 2“ მათი და მათი პარტიის პიარსაშუალებაა, გასართობ თოქ-შოუებსაც, ნაცმოძრაობის ფორსირებული პიარი უნდა განეხორციელებინა, თუმცა ეტყობა ამას ეფექტურად ვერ ახერხებენ. გვეყო ჟიურის წევრებისა და წამყვანების სოლიდური ხელფასების გადახდა, წავიდნენ და ფული სხვაგან იშოვონ, უთქვამს კეზერაშვილს.“

რომელ შოუებსა და წამყვანებს გულისხმობს დავით კეზერაშვილი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, ამას ახალი წლების შემდეგ შევიტყობთ.

„მცირე ცვლილებები შესაძლოა საინფორმაციო სამსახურსაც შეეხოს. რამდენიმე ჟურნალისტს ალბათ არხიდან გაუშვებენ, თუმცა „კურიერის“ ძირითად ბირთვს ეს არ შეეხება“, - იუწყება გამოცემა.

გაზეთის წყაროს ინფორმაციითვე, კეზერაშვილი გიორგი გაბუნიას „არჩევანით“ უკმაყოფილოა, რადგან მან ვერც პარტიისა და ვერც სააკაშვილის რეიტინგს ვერაფერი უშველა, ამიტომ არხზე სავარაუდოდ ახალი თოქ-შოუ დაიწყება, თუმცა წყაროს ინფორმაციით, „არჩევანი“, თავის გიორგი გაბუნიასთან ერთად მუშაობას განაგრძობს.

სტატიის მიხედვით, კეზერაშვილის მთავარი მესიჯი ნიკა გვარამიას მისამართით ის ყოფილა, რომ არხს უსაქმურები მოაცილოს და ნაკლები ხარჯით უფრო ეფექტიანი ტელევიზია გააკეთოს, რომელიც „ნაცმოძროაბისა“ და სააკაშვილის რეიტინგის გაზრდას უზრუნველყოფს.

No comments:

Post a Comment