როგორც "ნეტგაზეთს" ტელეკომპანიაში განუცხადეს, პირველ ეტაპზე საინფორმაციო გამოშვებას წამყვანი არ ეყოლება და მისი ნახვის საშუალება მაყურებელს საღამოს ეთერში ექნება.
ტელეკომპანიის ამჟამინდელი №B15 და №B125 ლიცენზიები (სპეციალიზებული - „გასართობი“) GDS-ს მხოლოდ გასართობი-შემეცნებითი გადაცემების მომზადების საშუალებას აძლევს. იმისათვის, რომ ტელეკომპანიამ საზოგადობრივ-პოლიტიკური თემების გაშუქება შეძლოს, ლიცენზიის მოდიფიცირება სჭირდება.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ „ჯი-დი-ეს თი-ვის“ განცხადების საფუძველზე კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 24 ოქტომბერს დაიწყო. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 20 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. კომისია გადაწყვეტილებას ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებიდან ათ სამუშაო დღეში მიიღებს, თუმცა, როგორც ნეტგაზეთს კომისიაში უთხრეს, თუ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რაიმე სახის დამაბრკოლებელ გარემოებებს არ წარმოაჩენს, შესაძლოა მაუწყებლობის მოდიფიცირების გადაწყვეტილება 20 ნოემბერსვე ავტომატურად იქნას მიღებული. კომისიის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ GDS-ი საკუთარ მოთხოვნას სათანადოდ ვერ დაასაბუთებს (პრიორიტეტების საკითხი, მოხდება იმის გათვალისწინება, როგორ ასრულებს ამჟამად არსებული ლიცენზიის პირობებს), კომისიას შეუძლია კომპანიას ლიცენზიის მოდიფიცირებაზე უარი უთხრას.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯი-დი-ესს საინფორმაციო გამოშვებისთვის ჟურნალისტების შერჩევის პროცესი უკვე დაწყებული აქვს. ცნობილია, რომ გამოშვებას ჟურნალისტი ნინო კვირიკაშვილი უხელმძღვანელბს. არხის პროდუსერმა თემურ გოგოლაძემ არ უპასუხა ჩვენს კითხვას, რის საფუძველზე დაიწყო არხმა ამ საკითხზე უკვე მუშაობა, მაშინ, როდესაც კომისიას საკუთარი გადაწყვეტილება ლიცენზიის მოდიფიცირებაზე ჯერ არ მიუღია, ხოლო ჯი-დი-ესის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ დეკემბერი საინფორმაციო გამოშვების დაწყების სავარაუდო თარიღია და კომპანია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარდგენილ განცხადებაში ლიცენზიის მოდიფიცირებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნა ასე განმარტა:
“თბილისის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ დედაქალაქში მაცხოვრებლებს საინფორმაციო გამოშვებების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ხილვა სურთ. ასევე, ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანიების მონაცემებით მაღალი ყურებადობა საერთო ლიცენზიის მფლობელ ტელემაუწყებლებს აქვთ. კომპანია მიიჩნევს, რომ სარეკლამო შემოსავლების მოზიდვას საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის პირობებში უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს”, - ნათქვამია ჯი-დი-ესის განცხადებაში.
ჯი-დი-ესს საერთო მაუწყებლობის ლიცენზია ესაჭიროება იმისათვისაც, რომ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გადაცემა გაუშვას ეთერში. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მის გადაცემას "საზოგადეობა 2030" ერქმევა. ივანიშვილის განცხადებით, ანალიტიკური გადაცემა იქნება ყოველდღიური.
"ტელეპროექტი 2030 გვექნება, ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა იქნება GDS-ზე. ალბათ ყოველდღიური, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქნება რაღაც დროით ეს ანალიტიკური გადაცემა. სადაც სამი ანალიტიკოსი და კიდევ ჩვენი ჯგუფიდან, საზოგადეობა 2030-დან მოწვეული, ასევ გარედან, საინტერესო პიროვნებებთან ერთად მოხდება ანალიზი საინტერესო მოვლენების", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში 8 ნოემბერს.
წყარო: www.netgazeti.ge
წყარო: www.netgazeti.ge
No comments:
Post a Comment