22 June 2014

უელსის სამიტზე ნატო საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის მიცემით შემოიფარგლება

უელსის სამიტზე ნატო საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის მიცემით შემოიფარგლება. ამ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ "როიტერი" ნატო-ს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, თუმცა წყაროს ვინაობას არა ასახელებს .სააგენტოს ცნობით, "ნატო-ს დიპლომატების განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალიანსის ქვეყნებმა რუსეთის გადამტერების თავიდან ასაცილებლად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, საქართველოს მისცეს პირველი ფორმალური ნაბიჯი ალიანსში შესასვლელად სექტემბრის სამიტზე. ნატო-რუსეთს შორის დაძაბულობის მატებისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი, რაც მას ნატო-ს წევრობის მიზანთან დააახლოებს, ალიანსში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგიერთი მოკავშირე ეწინააღმდეგება საქართველოსთვის MAP -ის მინიჭებას, შიშობენ რა, რომ ამას რუსეთის შურისძიება მოჰყვება, სხვები კი ამბობენ, რომ MAP-ის მიუნიჭებლობა გამოჩნდება ისე, თითქოს ნატო ამით თავს უხრის რუსეთის ზეგავლენას. ნატო-ს ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ალიანსი 50:50-ზეა გაყოფილი და შესაბამისად, შორსაა სასურველი კონსესუსისგან. მიუხედავად მწვავე დისკუსიებისა, ზოგიერთი მოკავშირე მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი სამხედროთი არის წარმოდგენილი უკრაინის საზღვართან, ზედმეტად პროვოკაციული იქნებოდა საქართველოსთვის MAP -ის ახლა მინიჭება,"-წერს "როიტერი"."როიტერის" ინფორმაციით, კიდევ ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ნატო-ს 28 წევრიდან 12-მდე წევრი თავს იკავებს საქართველოსთვის MAP -ის მინიჭებაზე. შესაბამისად, მისივე პროგნოზით, ალიანსი ვერ შეძლებს, აუცილებელ კონსესუსს მიაღწიოს."სავარაუდოა, რომ ნატო შეჩერდება კომპრომისზე, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის მიცემას, რაც MAP-ისკენ მიმავალი ნაბიჯია. ეს პაკეტი შეიძლება მოიცავდეს ისეთ ზომებს, როგორებიცაა უფრო ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა, საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება საქართველოში. "აშშ განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს ალიანსის მთლიანობის შენარჩუნებას, მაშინ როდესაც ნატო რუსეთთან უკრაინის თემის გამო კონფრონტაციაშია.საფრანგეთი კი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის MAP-ის მისანიჭებლად ახლა არასწორი დროა. ასევე წინააღმდეგია გერმანიაც," – აცხადებენ დიპლომატები. ასევე ზოგიერთი მოკავშირე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ნატო, რომლის შეზღუდული სამხედრო განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის კრიზისის შედეგად გამოვლინდა, შეძლებს თავისი უსაფრთხოების გარანტიების მიცემას საქართველოსთვის, რომლის ორი რეგიონი რუსეთის მიერ არის "ზურგგამაგრებული", - წერს "როიტერი".

No comments:

Post a Comment