ევროპა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით ბუნებრივ აირს მიიღებს. ყარსში რამდენიმე წუთის წინ საფუძველი ჩაეყარა სამი ქვეყნის ტრანსანატოლიის პროექტს.
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა განცხადებები გააკეთეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც."მიუხედავად არსებული სირთულეებისა, დარღვეული ტერიტორიებისა და ოკუპაციისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრობლემა არ შეექმნას საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დერეფანს, რადგან ამაზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი აზერბაიჯანისა და თურქეთის კეთილდღეობაა დამოკიდებული. ჩვენ აღნიშნული დერეფნის დაცვა მოვახერხეთ 2008 წელსაც და შევასრულეთ ნაკისრი ვალდებულებები. საქართველო არის ევროპისა და აზიის კარიბჭე და ამ როლს საუკუნეების განმავლობაში ასრულებს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
"ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. სწორედ TANAP-ის საშუალებით ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით დამატებით მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია და საქართველოს მონაწილეობა ასეთი ტიპის პროექტში, თავისთავად, საგულისხმოა,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.
გაზსადენის TANAP–ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა.
ამასთან, თურქეთი და ევროკავშირი ხელს მოაწერენ ენერგეტიკის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ანკარასა და ბრიუსელს შორის დიალოგის უკეთ წარმართვას შეუწყობს ხელს.
ენერგოკომისიის წარმომადგენლის მაროშ შეფჩოვის განცხადებით, TANAP–ი არის მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ევროპისთვისაც – „გაზის სამხრეთის დერეფანი“ და TANAP–ი – ესაა საკვანძო პროექტები, რომლებსაც ევროკავშირი ძალიან მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს.
შესაბამისად, პროექტის ყველა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მზადყოფნა, მიიყვანოს აზერბაიჯანული გაზი ევროპამდე.
როგორც გამოცემა haqqin.az წერს, ბაქოში დღესასწაულია – ესაა აზერბაიჯანისა და მისი ლიდერის დამაჯერებელი გამარჯვება.
„მასთან ერთად დღესასწაულია თბილისში, სადაც ახლა პოლიტიკური ვითარება რამდენადმე გართულდა, და ანკარაში, რომელმაც დიდი ძალისხმევა მოახმარა აღნიშნული პროექტის რეალიზაციას... ევროპაც სწორედ აზერბაიჯანული პროექტის მხარდამჭერად გამოდის და არა უფრო მძლავრი რუსული გეგმის, მას უბრალოდ არ სურს საკუთარი ენერგოდამოკიდებულების გაღრმავება რუსეთზე, რომელმაც თავი არასაიმედო პარტნიორად წარმოაჩინა,“ – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სრულიად ნათელია, რომ აზერბაიჯანული გაზი პირველად მიაღწევს სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპას და უკვე 2018 წელს TANAP–ის პროექტის ფარგლებში თურქეთი აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს „შაჰდენიზის“ პროექტის მეორე სტადიიდან.
კიდევ ერთი წლის თავზე აზერბაიჯანული გაზი საბოლოო დანიშნულების ადგილს, ევროპას მიაღწევს. მილის პირველადი გამტარუნარიანობა წელიწადში 16 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ეტაპობრივად 24 მილიარდ კუბურ მეტრამდე, მოგვიანებით კი 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.
ტრანსანატოლიური (TANAP) და ტრანსადრიატიკული გაზსადენების მშენებლობა ენერგეტიკული ნაკადების დივერსიფიკაციას მოახდენს და რუსეთზე ევროპის დამოკიდებულებას შეამცირებს.
No comments:
Post a Comment