18 December 2014

პრემიერ-მინისტრმა თეა წულუკიანს პროკურატურის რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, პროკურატურის რეფორმაზეც ისაუბრა.


„კიდევ ერთი დანაპირები, რაც მინდა მოსახლეობას შევახსენო, იყო პროკურატურის რეფორმა. ამ საკითხზე უკვე მქონდა პირველადი განხილვა თეა წულუკიანთან, პროკურატურასთან და მთავრობის წევრებთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროკურატურის ორგანოები დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდეს და გაძლიერდეს, მაგრამ ამავე დროს კანონის უზენაესობის პრონციპის განმტკიცებას ემსახურებოდეს. 

პროკურატურა არის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო და ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს არც ერთი უწყება, რომელსაც ჩვენი რეფორმატორული კურსი არ შეეხება და ჩვენი მმართველობის პირობებში არ გახდება უკეთესი, ვიდრე ახლა არის. საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობა სწორედ ამას გულისხმობს და ჩვენ ყველანი სწორედ ამისკენ მივისწრაფვით. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ გავცეთ ინსტრუქცია, დაიწყოს პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციურ რეფორმაზე მსჯელობა და ეს მსჯელობა წარიმართოს თუნდაც ევროკავშირთან თანამშრომლობით დაფუძნებულ სისხლის სამსართლის უწყებათა შორის საბჭოში, რომლის შემადგენლობაში შევლენ ძალოვანი სტრუქტურები, თვითონ პროკურატურა, არაერთი სამინისტრო, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორი. მინდა ვთხოვო თეა წულუკიანს, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ რეფორმაზე იმუშავებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, თუ რომელ მოდელს აირჩევს საქართველოს ხელისუფლება, ეს მუშაობის პროცესმა უნდა აჩვენოს.

No comments:

Post a Comment