იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე პერიოდში, მოქალაქეები პირადობის მოწმობებს 15 ლარად მიიღებენ.
პირადობის ახალი მოწმობის მიღების მსურველები ფოტოსურათის გადაღების ღირებულებისგანაც გათავისუფლდებიან. აქციით სარგებლობის საშუალება ნებისმიერ მსურველს, სრულწლოვან თუ არასრულწლოვან მოქალაქეს ექნება.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად რეგისტრაციის ადგილის შეცვლა ხდება, მოქალაქემ სერვისების განვითარების სააგენტოს/იუსტიციის სახლის იმ ფილიალს უნდა მიმართოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი განეკუთვნება.
სამინისტროს ცნობით, თუ მოქალაქე არ იცვლის მისამართს და სურს ახალი პირადობის მოწმობის მიღება, ამ შემთხვევაში მას შეუძლია, სერვისების განვითარების სააგენტოს/იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალსა და საზოგადოებრივ ცენტრებს მიმართოს. ამავე აქციით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი.
აქციის დასრულების შემდგომ, ახალი პირადობის მოწმობის ღირებულება კვლავ 34 ლარი იქნება.
No comments:
Post a Comment