არ მაქვს იმის განცდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე არადეკლარირებული თანხის შემოტანას არ იკადრებენ და არ გააკეთებენ. - ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებთან დაკავშირებით ბაქოში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ნადირაშვილისა და ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, კიდევ მეტი ინფორმაცია გაცხადდება
"საყურადღებო იყო ელჩის განცხადება, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა ფაქტს ადგილი, რომ პარლამენტის წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან", ქალბატონი ნადირაშვილი და ბატონი ჯაფარიძე შეაჩერეს საბაჟოს თანამშრომლებმა და ხდებოდა არადეკლარირებული, დაახლოებით მილიონ დოლარამდე თანხის გადმოტანის მცდელობა. ძალიან ბევრი კითხვაა, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა, ისმის კითხვები იმ განმარტებებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გააკეთეს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზირისით და ქვეყნის ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ფაქტებს სჭირდება ყურადღებით შესწავლა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის განმარტებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში არჩევნები არ დასრულებულა და მეორე ტური უნდა ჩატარდეს, ამ კუთხით ეს ფაქტი კიდევ უფრო საყურადღებოა.
"თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გაიხსნა ძალიან სერიოზული საქმე შავი ფულის შემოდინების უგულავას ქვისლის შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემდეგ სეიროზული კითხვები ჩნდება. თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ეს ბატონები ამას არ იკადრებენ, არ გააკეთებენ, მე პირადად არ მაქვს ეს განცდა, მაგრამ ფაქტებით უნდა ვისუბროთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

No comments:
Post a Comment