14 June 2014

ნინო ბურჯანაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ავარიაში ნამდვილად მოყვა, რადგან საჭესთან უგუნური ადამიანი იჯდა

კოალიცია - „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაცია ვერ მოხდება. 
აღნიშნული ფრაზით, ბურჯანაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 1 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობა“ ავარიაში მოყვა, ამ ავარიის შემდეგ საავადმყოფოში იყო, ამ არჩევნებზე კი, პარტია საავადმყოფოდან გამოდის და უკვე ჯანზე მოსული გამარჯვებისთვის იბრძვის.
ბურჯანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ავარიაში ნამდვილად მოყვა, რადგან საჭესთან უგუნური ადამიანი იჯდა.
„ავარიაში ნამდვილად მოყვნენ, იმიტომ, რომ როდესაც უგუნური მმართველები გყავს და როცა საჭესთან უგუნური ადამიანი ზის, ავტომობილია თუ პოლიტიკური ძალა, ავარიაში აუცილებლად მოყვება. ეს კი ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს“-განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე შეფასებით, „ნაცმოძრაობა“ 1 ოქტომბერს კი არ მოყვა ავარიაში, არამედ, მათ ტვინი უფრო ადრე გადაუბრუნდათ, ანუ მაშინ, როდესაც დაიჯერეს, რომ შეუცვლელი ძალა იყო.
„მათ ტვინი მაშინ გადაუბრუნდათ, როდესაც დაიჯერეს, რომ მხოლოდ მათ უნდა მართონ ქვეყანა და 30 წელი დარჩნენ ხელსუფლებაში და ახალი ქართველები უნდა აღზარდონ. თურმე ბოკერიას, უგულავას, მერაბიშვილს და სააკაშვილს უნდა აღეზარდა ახალი ქართველი“-განაცხადა ბურჯანაძემ. 
კოალიციის ლიდერის თქმითვე, შეუსრულებელი დაპირებების გამო, ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობისგან პოლიტიკური სილა უნდა მიიღოს.
„ჩვენმა ამომრჩეველმა საბოლოოდ უნდა დაუსვას წერტილი „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის ბოგინს ქვეყანაში. მოსახლეობამ ეს თავისი აქტიურობით უნდა გააკეთოს“-განაცხადა ბურჯანაძემ.

No comments:

Post a Comment