14 June 2014

დავით ნარმანია - 15 ივნისი თბილისის დაბრუნების დღე იქნება

15 ივნისი თბილისის დაბრუნების დღე იქნება, - ამის შესახებ რიყეზე გამართულ შეხვედრაზე კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა. 
სიტყვით გამოსვლისას კოალიციის მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და 15 ივნისს თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 
"15 ივნისს ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვებას. გამარჯვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეს გამარჯვება თქვენი იქნება. მიღებული ძალაუფლება თქვენს კეთილდღეობას მოხმარდება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ეს დღე, რადგან ჩვენი ხელისუფლება ხალხის ხელისუფლებაა და თითოეული თქვენგანის ხელისუფლებაა. ჩვენი არჩევანი თქვენი არჩევანიცაა. ეს ნამდვილი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. მხოლოდ ერთად დგომით მივალთ გამარჯვებამდე", - მიმართა მხარდამჭერებს დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, როგორც ყოველთვის თბილისი ამ ბრძოლის ავანგარდში დგას და კოალიცია "ქართული ოცნებაც" ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს.
"15 ივნისი ჩვენი ბრძოლის და თბილისის დაბრუნების დღე იქნება. ერთად მოვუვლით დედაქალაქს, ერთად ვუპატრონებთ და ერთად მოვეფერებით მას. ჩვენ ერთად შევქმნით თბილისის ახალ ისტორიას, ერთად დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს. ერთად ვაქციოთ თბილისი გამორჩეულ ქალაქად, ერთად ვიზრუნოთ თბილისზე და ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე", - მიმართა კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ რიყეზე შეკრებილ მხარდამჭერებს, სადაც დღეს კოალიციის წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

No comments:

Post a Comment