19 June 2014

ირმა ინაშვილის მიმართვა შალვა ნათელაშვილს “რატომ გაგაბრაზათ ასე ჩვენმა პატარა წარმატებამ?”

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-ს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ირმა ინაშვილი ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს მიმართავს, რომელსაც გთავაზობთ.

ამ დღეებში არა ერთმა ადამიანმა მომილოცა არჩევნებში ბარიერის გადალახვა. კიდევ უფრო გამახარა იმან, რომ მომილოცეს “ქართული ოცნების” და ნინო ბურჯანაძის ბლოკის წარმომადგენლებმა. კარგია, რომ საქართველოში ნელ-ნელა მკვიდრდება ამ ტიპის პოლიტიკური კულტურა… მეც ვულოცავ წარმატებას იმ მაჟორიტარებსა და საკრებულოს წევრებს, რომლებმაც არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ მინდა, ჩემი გულისტკივილიც გაგიზიაროთ. 44 წლის ვხდები, 21 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთის ომიდან დავბრუნდი, ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა მშვიდი, ბედნიერი, დალხენილი. არასდროს ვყოფილვარ ვინმეს, ანუ ძლიერი და გავლენიანი ადამიანების ფრთის ქვეშ. ძირითადად, მარტო ვიყავი და ვიყავი ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, რომლებსაც ისევე უჭირდათ, როგორც-მე… არასდროს მიმიღწევია რაიმე ტიპის თვალსაჩინო წარმატებისთვის, არც თანამდებობა მქონია და მაქვს, არც შემოუთავაზებიათ, რადგან ამაზე არავის არასდროს უფიქრია. ერთადერთხელ მივაღწიე წარმატებას, ისიც 4%-იანი ბარიერი გადავლახე არჩევნებში და ამ პატარა წინსვლამ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, თუ მისი ლიდერი იმდენად გააბრაზა, რომ ნაცისტებს “გადაუჯოკრეს” ჩემი და ჩემი თანამებრძოლების ქილიკსა და გინებაში. ბატონ შალვა ნათელაშვილს მინდა მივმართო: ბატონო შალვა, იმის მიუხედავად, რომ ორივე წარმოშობით დუშელები ვართ… რომ მამაჩემის უმცროსი მეგობარი იყავით და ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი ჩვენს ურთიერთობას, იძულებული ვარ, გიპასუხოთ თქვენს ბრალდებებზე… გარწმუნებთ, ეს სიხარულს სულაც არ მგვრის, მაგრამ ორი დღეა მხოლოდ ტყუილს ვისმენ თქვენგან ჩვენზე და,იმედია, მიხვდებით, რომ სწორედ თქვენ მაიძულეთ ეს კომენტარი დამეწერა… 44 წლიდან 25 წელი თქვენ გიყურებთ ქართულ პოლიტიკაში. დამეთანხმებით, ამ 25 წლის მანძილზე ჩემგან მხოლოდ პატივისცემას გრძნობდით და არც ერთხელ არ მიკადრებია თქვენი აუგად მოხსენიება. ახლა გეკითხებით, რატომ გვკბენთ? რატომ გაგაბრაზათ ასე ჩვენმა პატარა წარმატებამ? რატომ უკავშირებთ ამას მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილის სახელს? რა იყო, ჩემი სახელით არ დავდიოდი ამ წლების მანძილზე? ან რა ხდება, ქართული ოპოზიციური პოლიტიკური ველი მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, მამა-პაპამ დაგიტოვათ და სხვა არავინ უნდა გაჩნდეს ამ სივრცეში, თუ როგორაა საქმე?… ეს შური, ეს ბოღმა, ეს ღვარძლიანი დამოკიდებულება აზიანებს ქვეყანასაც და ჩვენს გულებსაც… 15 ივნისის მერე, იმაზე ვფიქრობ, როგორ შეიცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა, როგორ გაუადვილდეთ სხვა, ახალ პარტიებს პოლიტიკაში წარმატების მიღწევა… თქვენ კი, იმის გამო აღშფოთდით, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე ერთ უმნიშვნელო წარმატებას მივაღწიე და ჩემმა პარტიამ ბარიერი გადალახა(?!)… გულწრფელად მითხარით, არ ვიყავი ღირსი ამ 25 წლიანი ბრძოლის მერე, 4%-იანი ბარიერი მაინც გადამელახა?ან თქვენ რაიმე წაგართვით? მოგპარეთ? შეგეხეთ საერთოდ? მინდა სწორად გაიგოთ, რასაც გწერთ: ქართული პოლიტიკის სივრცე ყველას ეკუთვნის, მარტო თქვენი საკუთრება არაა. აქ მოვლენ ახალი ადამიანები, ახალი პარტიები… მოვა ახალი სუნთქვა და ახალი სულისკვეთება… ეს არ უნდა იქცეს თქვენი და სხვა პოლიტიკური ლიდერების გაბოროტების მიზეზად, რომლებმაც ამჯერად, სამწუხაროდ, ბარიერი ვერ გადალახეს… თქვენ ხომ მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე პარტიის ლიდერი ბრძანდებით, ამიტომ მეტი სიბრძე და დიდსულოვნება გმართებთ… აქვე მშვიდობისკენ მოგიწოდებთ და ჩვენი ურთიერთობის პატივისცემისკენ და არ გირჩევთ ჩემთან უაზრო და უსამართლო პოლემიკაში შემოსვლას. უბრალოდ, მართალი არ ხართ. მეც მთიული ვარ და სიმართლის პირში თქმას არასდროს ვერიდები… და როცა უსამათლოდ მერჩიან, უკან არ ვიხევ. დამშვიდდით, ბატონო შალვა…:)))

No comments:

Post a Comment