18 June 2014

უგულავას და კეზერაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ტელეკომპანია „იმედისა“ და „რიყის“ გასხვისების საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 საათზე გაიმართება. 
პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. დღესვე, დაიკითხებიან პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები.
დაცვის მხარის განცხადებით, საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან პროკურატურა უგულავას და კეზერაშვილის ბრალეულობას ვერ ამტკიცებს. 
„ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს თავისი მოწმეები დასაკითხად, რამდენადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. დაველოდოთ თუ წარმოადგენენ მოწმეებს, პროცესი გაიმართება. იმედია, დღევანდელი პროცესი, ხელოვნურად აღარ გაიწელება. ჯერ მოწმე არ მოსულა, რომელმაც უგულავას და კეზერაშვილის წინააღმდეგ რაიმე ფორმით ჩვენება მისცა. პირიქით ბრალდების მხარის მოწმეები იძლევიან იმ ჩვენებებს, რომელიც უგულავას და კეზერაშივლის უდანაშაულობას ამტკიცებს“ -განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. 
უგულავას და კეზერაშვილის საქმე, 2006 წელს რიყის ტერიტორიისა გასხვისებასა და ტელეკომპანია „იმედის“ მითვისებას ეხება. 

No comments:

Post a Comment