„ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ორ ვიდეომასალას აქვეყნებს, სადაც პარტიის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაა ასახული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ვიდეომასალაზე მარნეულის და დედოფლისწყაროს საარჩევნო უბნებზე განვითარებული მოვლენებია ასახული.
„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ მარნეულში არჩევნების შედეგები გაუქმდეს და მეორე ტური უნდა გაიმართოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე, შსს-ს მიმართავს რომ გამოძიება დაიწყოს.
„მარნეულის ოლქში გაყალბების პროცესის კოორდინაციას აკეთებდა ვინმე თამაზ ნაურიანი, ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. ეს ადამიანი მარნეულის ოლქში უბნიდან უბანზე „ლექსუსის“ ავტომობილით მოძრაობდა, რომლის სანომრე ნიშნაია - lex 555. მას მანქანაში „ქართული ოცნების“ მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი ეჯდა. ნავერიანი პირადად ახორციელებდა ზეწოლას კომისიის წევრებზე და საარჩევნო უბნების წინ მას მობილიზებული ჰყავდა სხვადასხვა ზონდერ ჯგუფები“-განაცხადა პარტიის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე წარადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჯაფარიძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ გუშინ, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ პირველი კადრები გაავრცელა, მარნეულში საოლქო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ გაუქმებულიყო რამდენიმე უბნის საბოლოო მონაცემები. თუმცა, ჯაფარიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც მარნეულის საოლქო კომისიის წევრებზე ზეწოლა მოხდა, დოკუმენტი ცესკო-ში არ გადაიგზავნა.
„ეს არის განკარგულების ასლი, რომელიც ჩვენთან მოიტანა ჩვენმა წარმომადგენელმა. ამის შემდეგ მას კომისიის თავმჯდომარემ ბატონმა ასანიძემ დაურეკა და ეხვეწებოდა ეს ასლი დახიე და გადააგდეო, ვითომ ეს განკარგულება ჩვენ არ გამოგვიციაო, რადგან მირეკავენ და მემუქრებიან ოჯახს ამოგიწყვეტო. ეს ასლი მარტო ჩვენ გვაქვს. ეს ასლი ცესკო-ს არ აქვს“-განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სოფელში განვითარებულ მოვლენებს, „ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, ვიდო-მასალაში კომისიის წევრები ამბობენ, რომ „არ ჯდება ბალანსი“, რაც, პარტიის განცხადებით, ცხადად აჩვენებს, რომ არჩევნების შედეგები დადგა არა ხალხის ნებით, არამედ უკანონო გარიგების შედეგად.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში „ქართულ ოცნება“ გუშინაც დაადანაშაულა. უგულავამ სპეციალურ ბრიფინგზე ამის დასადასტურებლად ორი ვიდეომასალა წარადგინა, რომელიც მარნეულის #22 საარჩვენო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე და #25 საარჩევნო უბანზეა გადაღებული. უგულავას თქმით, ამ უბნებზე მმართველი კოალიციის სასარგებლოდ ყუთებში ზედმეტი ბიულეტენები ჩაიყარა.
No comments:
Post a Comment