პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ფაქტია, რომ აზერბაიჯანის აეროპორტში იყო რაღაც პრობლემა და ის მოგვარდა“. ამის შესახებ მან ტელეგადაცემა „პოლიტიკის დროში“ უმცირესობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის ირგვლივ ბაქოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„შემიძლია, გითხრათ, რომ პარლამენტის წევრები ჯაფარიძე და ნადირაშვილი არ იმყოფებოდნენ რაიმე მივლინებით პარლამენტის მხრიდან. იმ დროს პარლამენტის სხვა წევრები იყვნენ მივლინებით აზერბაიჯანში, ღონისძიება ტარდებოდა. ამიტომ მე არც მათი გამგზავრების და არც დაბრუნების შესახებ მქონია ინფორმაცია და არც მომიკითხავს. ხოლო ის, რაც იქ გარკვეული საათების განმავლობაში ხდებოდა, სრულიად აშკარაა, რომ იყო რაღაც გაუგებრობა და ისიც აშკარაა, რომ ჩემი კოლეგებიც და, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ისინი შეეხიდნენ და მოახერხეს გარკვეული საკითხების მოგვარება, რადგან ისინი დღეს საქართველოში არიან და აგრძელებენ მოღვაწეობას. რა იყო ეს პრობლემა, რა მოგვარდა, რა ვერა, საიდან იყო და როგორ, მე ამაზე რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს და ვერაფერს გეტყვით. როცა პარლამენტის წევრს რაიმე შეემთხვევა, მე ვიზრუნებ, გავარკვიო, რა ხდება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავად პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ ვინმეს დახმარება არ სჭირდებოდათ, ისე მოაგვარეს რაღაცა პრობლემა. თუ რა იყო ეს პრობლემა, ამაზე არის აზრთა სხვადასხვაობა და მე ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ, რადგან არ მაქვს ინფორმაცია. მოვისმინე ელჩის განცხადება და მგონია, რომ ზოგადად, ელჩები ასე არ საუბრობენ, თუ რაღაცა მინიშნება არ აქვთ. ამავდროულად იმასაც ვხედავთ, რომ ეს თემები აზერბაიჯანული მხარის მხრიდან შემდგომ არ იქნა განვითარებული და აქ ჩვენ ძალიან დელიკატურები უნდა ვიყოთ, რადგან ნადირაშვილ-ჯაფარიძე-უსუფაშვილს არ ეხება საქმე, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებია ხოლმე ჩართული. თავად ორიოდ კვირაში მივემგზავრები ზერბაიჯანში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინციდენტი არანაირ გავლენას არ მოახდენს საპარლამენტთაშორის და ზოგადად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე და ის პრობლემა, რაც გაჩნდა და იყო, ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ვერ მოახდენს გავლენას“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
No comments:
Post a Comment