20 May 2015

ლარი მკვეთრად გამყარდა

ლარი ზედიზედ მესამე დღეა, მყარდება. ოფიციალური მონაცემებით, მისი ხვალინდელი კურსი 0.0144 პუნქტით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2.3234 ლარი შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც და 2.5794 პუნქტზე დაფიქსირდა.
ბაზარზე ლარი კიდევ უფრო მკვეთრად გამყარდა და ამ მომენტში სავალუტო პუნქტებში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,26–დან 2,28 პუნქტამდე მერყეობს. 

გუშინ აღნიშნული ნიშნული 3,34 იყო. რამ გამოიწვია პრაქტიკულად ერთ დღეში ეროვნული ვალუტის კურსის ასეთი მკვეთრი გამყარება და არის თუ არა ეს მინიშნება იმაზე, რომ ვარაუდები კურსზე ხელოვნური ფაქტორების გავლენის შესახებ საფუძვლიანია?

ეკონომისტ მიხეილ დუნდუას თქმით, მკვეთრი გამყარება აღძრავს ეჭვებს, რომ ლარის კურსზე ხდებოდა სპეკულაციური შეტევა, რასაც აქვს მოკლევადიანი ეფექტი, მისი მიზანი კი პანიკის გამოწვევაა.
დუნდუას განმარტებით, კურსზე ხელოვნური ფაქტორების გავლენას მოკლევადიანი ეფექტი აქვს და შემდეგ პროცესები თავისთავად რეგულირდება, შედეგად, კურსი უბრუნდება საწყის მდგომარეობას. 

მიხეილ დუნდუას განმარტებით, როდესაც კურსი მკვეთრად ეცემა და ასევე მკვეთრი აღმასვლა ხდება, ეს მიანიშნებს, რომ შეიძლება ლარზე სპეკულაციური შეტევა ხდებოდა და ესაა ამ პროცესის ერთერთი მთავარი მანიშნებელი, რაც ზედაპირზე დევს.

„ნებისმიერ სპეკულაციურ შეტევას აქვს მოკლევადიანი ეფექტი, მოკლე ვადის გასვლის შემდეგ კი კურსი უბრუნდება საწყის მდგომარეობას. სწორედ ეს მიანიშნებს, რომ არის სპეკულაციური შეტევა, შეიძლება სპეკულაციური შეტევა გამეორდეს, და კურსი ძველ ნიშნულზე დაბრუნდეს, თუმცა რამდენჯერაც მოხდება შეტევა, ამას მოკლე  ვადაში ექნება ეფექტი და შემდგომ მყისიერად დაუბრუნდება საწყის პოზიციას,“ – აცხადებს დუნდუა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ეროვნულმა ბანკმა მოხსნას თავისი ფაქტორი ლარის დევალვაციაში – შეზღუდოს ლარის მიწოდება, გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი და რეფინანსირების მოცულობა და შედეგად, სიტუაცია დალაგებას დაიწყებს.

დუნდუა ამბობს, რომ ხელოვნური ფაქტორების მოხსნაში გარკვეული როლი შეასრულა საზოგადოებრივმა ზეწოლამ, მედიამ, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილავს ლარის დევალვაციაში ხელოვნური ფაქტორების არსებობის შესაძლებლობას, ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას, შესაძლო სპეკულაციურ მოქმედებას და სხვა საკითხებს. რამაც, როგორც ექსპერტი ამბობს, სპეკულაციის ჩამდენთ შეჩერება აიძულა.

No comments:

Post a Comment