განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი თამარ სანიკიძის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.
„გუშინ “მაესტროს” ეთერში განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე პროკურორის როლში მოგვევლინა. მან ბრძანა, რომ 2011-2012 წლებში სახელმძღვანელოების გრიფირება დარღვევებით ჩატარდა და თავს უფლება მისცა, პროკურატურისთვის მითითებები მიეცა. ეს ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, ქვეყანას საქმე სატირლად რომ არ ჰქონდეს. სანიკიძეს არ ესმის რა არის კანონი და რა არის განათლება. ეს არის ჩვეულებრივი მავნებელი, ამიტომ, მასთან საუბარს აზრი არ აქვს. საზოგადოებას კი მინდა შევახსენო, რომ გრიფირებამ 2011-2012 წლებში მოაგვარა სრული ქაოსი, რომელიც სახელმძღვანელოების სივრცეში სუფევდა და სკოლებს შესაძლებლობა მისცა, მოეწესრიგებინათ განათლების ეს სფერო. გრიფირებას ახორციელებდა არა მინისტრი ან პრეზიდენტი, არამედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და კომპეტენტური პროფესიონალები.
ცნობისთვის, 2013 წელს მაშინდელ მინისტრ მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, 18 მილიონი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე. ეს ის სახელმძღვანელოებია, რომელიც დღეს სანიკიძეს არ მოსწონს და ზუსტად ეს სახელმძღვანელოები უნდა დაბეჭდონ ახლა, რომ ბავშვებს სექტემბერში დაურიგონ. ანუ, მთავრობა ფულს იმაზე ხარჯავს, რაც სანიკიძეს უკანონო ჰგონია?
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: პოლიტიკური დევნა სამართლებრივი დევნისგან ზუსტად იმით განსხვავდება, რომ პოლიტიკური დევნის პირობებში ჯერ მინისტრი ან სხვა პოლიტიკური ლიდერი საკუთარი განცხადებით დებს ბრალს და შემდეგ უკვე პროკურატურა ახორციელებს დევნას.
რატომღაც ისეთი განცდა მაქვს, რომ განათლების ამჟამინდელ მესვეურებს სურვილი გაუჩნდათ, არამარტო დე ფაქტო, არამედ დე იურეც ჩამოაშორონ ავტორები სახელმძღვანელოებს და ხელში განათლების ეს სფერო ჩაიგდონ” - წერს შაშკინი „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე.
No comments:
Post a Comment