კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინტერნეტპროვაიდერების საცალო ბაზრით აუცილებლად დაინტერესდება. აღნიშნული
გაერთიანება „შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს კომპანიების ხარჯები, შემოსავლები და დაადგინოს რამდენ პროცენტიან მარჟაზე მუშაობენ. შედეგად, დაუწესოს ზღვრული ტარიფი, მანამ, სანამ ბაზარზე რეალური კონკურენცია არ იქნება.
როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, ფასები ხელოვნურად იზრდება, შედეგად, მომხმარებელი დაუცველია.
მათი ინფორმაციით, რეალურად ფასების ზრდა მხოლოდ მომხმარებლების ძარცვას გულისხმობს და არა კომპანიების მიერ დასახელებულ მიზეზს, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება.
"შარშანაც მარტში "კავკასუსმა" ისე გააძვირა ინტერნეტი ვითომც არაფერი, მომხმარებლების მოთხოვნა იყო სიჩქარის მატება და ფასიც მაგიტომ გაიზარდაო, მაგრამ ვისაც არ უნდოდა გაზრდილი სიჩქარე და გაზრდილი ფასიც, მათ მაინც გაუძვირეს, ახლა ისევ გააძვირეს და ეკონომიკურ კრიზისს აბრალებენ",-აცხადებენ გაერთიანებაში.
თავის მხრივ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსასახურის უფროსი ხატია ყურაშვილი აცხადებს, რომ კომისია საბითუმო ბაზარზე ეფექტური რეგულაციით ცდილობს უზრუნველყოს საცალო ბაზარზე კონკურენცია. გარდა ამისა, აკვირდება მოვლენების განვითარებას. ყურაშვილი აცხადებს, რომ კომისია საცალო ბაზარსაც უცილებლად შეისწავლის.
მისივე განცხადებით, ინტერნეტპროვაიდერები ფასების ზრდას ამ ეტაპზე ლარის დევალვაციით ხსნიან.
„მათ საოპერაციო ხარჯები დოლარში აქვთ. გარდა ამისა, „კავკასუს ონლაინს" საკმაოდ მოცულობითი სესხი აქვს დოლარში. ტარიფის მატებაც სწორედ აქედან არის გამოწვეული. კომისიას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს ოპერატორებთან და აღნიშნული სატარიფო ცვლილების თაობაზე კომისია საქმის კურსში იყო", -აცხადებს ყურაშვილი.
რაც გამოიწვევს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომპანიებისთვის ტარიფის ზღვრული ოდეობის დაწესება და ხომ არ დააზარალებს ზოგადად ბაზარზე მოქმედი კომპანიების განვითარებას, ეკონომიკის ექსპერტი შოთა გულბანი აცხადებს, რომ ზღვრული ტარიფის დაწესება ბაზარზე მოქმედ კომპანიებს განვითარებაში ხელს არ შეუშლის.
მისი ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა დააწესოს ტარიფების ზედა ზღვარი, რათა ორ მონოპოლისტ კომპანიას - „კავკასუს ონლაინს" და „სილქნეტს" პერმანენტულად ზარდონ გადასახადი, რაც მისი აზრით, ხარისხის ზრდაზე არ აისახება.
გულბანი აცხადებს, რომ კომისიის ეს გადაწყვეტილება ეფექტს ნამდვილად გამოიღებს. ამის მაგალითად კი გულბანს მობილური ოპერატორებისთვის ურთიერთჩართვის ტარიფის 3.5 თეთრამდე დაწესება მოჰყავს.
„დღეს ინტერნეტ ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობაა, სადაც 60 პროცენტზე მეტი ორ გიგანტ კომპანიას უკავია. მათ წინააღმდეგ სახელმწიფოც კი უძლური აღმოჩნდა. როგორც ჩანს, საქართევლოში მონოპოლიების თემა ისეა ფესვგადგმული, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ან პოლიტიკური ნების არ ქონის გამო არ უპირისპირდება, ან რამე მსგავსის გამო"-აცხადებს გულბანი.
ინტერნეტპროვაიდერებმა ფასების ზრდის შესახებ გასულ კვირას განაცხადეს. „კავკასუს ონლაინის" ახალი სატარიფო გეგმა შეეხოთ როგორც ინტერნეტის, ასევე ტელევიზიის მომხმარებლებს.
ახალი ტარიფების მიხედვით, მომხმარებელი გადაიხდის შემდეგ საფასურს: ოპტიმალი: 10 მბ/წმ- 27 ლარი (ძველი ფასი: 25 ლარი); ექსპრესი: 30მბ/წმ- 37 ლარი (ძველი ფასი: 35 ლარი); ექსტრიმი: 50მბ/წმ- 50 ლარი (ძველი ფასი: 45 ლარი); ინფინიტი: 100მბ/წმ- 100 ლარი.
„კავკასუს ონლაინში" ფასის ზრდის მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე არსებულ და საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მსგომარეობას ასახელებენ.
მათივე ინფორმაციით, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ახალი ტარიფები 23 მარტიდან შევიდა ძალაში, ხოლო არსებულ მომხმარებლებს პაკეტები მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეეცვლებათ ახალი სატარიფო სისტემის მიხედვით, ამის შესახებ თითოეულ მათგანს ინდივიდუალური შეტყობინება უკვე გაეგზავნა.
ინტერნეტსა და ტელევიზიაზე ფასი გასულ თვეს გაზარდა ,,სილქნეტმაც". როგორც კომპანიაში აცხადებენ, ცვლილება შეეხება Silk ოპტიკურ / DSL ინტერნეტ პაკეტების სიჩქარეს, იზრდება Silk ოპტიკური / DSL ინტერნეტ და ძირითადი TV, ასევე თემატური პაკეტების ღირებულება.
„სილქნეტის" ინფორმაციით, მომხმარებელს (Silk Optic) Start პაკეტის ღირებულების 20 ლარის ნაცვლად, მომხმარებელს 26 ლარის გადახდა უწევს. თუმცა ამ შემთხვევაში 5 მბ/წმ-ის მაგივრად ახალი პაკეტის სიჩქარე 10 მბ/წმ იქნება. DSL ინტერნეტის სტანდარტული პაკეტის ღირებულება 37 ლარი იყო. ახალი ტარიფით კი იგივე პაკეტი 45 ლარი გახდა. სერვისის სიჩქარე ადრე 3 მბ/წმ-ს შეადგენდა, რომელიც 6 მბ/წმ-მდე გაიზარდა.
კომპანია „სილქნეტში" ტარიფის ზრდას სიჩქარის მატებით ხსნიან.
No comments:
Post a Comment