საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით არაერთი დანაშაული განხორციელდა.
როგორც ბადაშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობა გამოიკვეთა სანდრო გირგვლიანის, ვალერი გელაშვილისა და ,,ტელეიმედის“ საქმეებში.
,,სანდრო გირგვლიანის საქმეზე დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, უშუალო ჩართულობითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს საშუალება მიეცა, მიკერძოებულად და არასრულყოფილად გამოეკვლია გირგვლიანის მკვლელობის გარემოებები, დაეფარა დანაშაულის გამომწვევი რეალური მიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები.
დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, რომელსაც პირადი შურისძიება ამოძრავებდა, ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების გამოყენებით, ვალერი გელაშვილს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც დეპუტატმა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
რაც შეეხება პატარკაციშვილის საქმეს, როგორც დადგინდა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით, ხელისუფლების ყველა შტოს შეთანხმებული და ერთიანი მოქმედებით, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი და მასთან დაახლოებული პირები საინფორმაციო გადაცემების გაკონტროლების მიზნით, უკანონოდ დაეუფლნენ ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად ღირებულ ტელეკომპანია ,,იმედს", ასევე, პატარკაციშვილის საკუთრებაში არსებულ მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების სხვა აქტივებს“,- აცხადებს მთავარი პროკურორი.
ამასთან, ბადაშვილის თქმით, პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს.
,,მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში, ამიტომ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ამჟამად მისი ძებნა გამოცხადებულია. საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების თაობაზე მიმართა. ყველა ზემოხსენებული საქმე უახლოეს მომავალში სასამართლოში განსახილველად გადაიგზავნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს“ - აცხადებს ბადაშვილი.
No comments:
Post a Comment