პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის, ის მათ ოპონენტებად არ ჩათვლის.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა 2014 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა, რომელსაც ქვეყანაში არეულობის შექმნა სურს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ოპონენტებად არ აღვიქვამ და არ მივიჩნევ, ვინაიდან, სანამ ყველა ეს ადამიანები საზოგადოებას და ხალხს ბოდიშს არ მოუხდიან, მე მათ ოპონენტებად არ ჩავთვლი. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს სრულიად დესტრუქციული ძალაა, რომელიც სექტად ჩამოყალიბდა და მათი თითოეული ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოში არეულობის ფონი და ვირტუალური სამყარო შექმნას. ამისთვის მათ აქვთ ისეთი მძლავრი იარაღი, როგორიცაა ტელევიზია“,-განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განცხადებითვე, ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საჭიროზე მეტ დროს უთმობდნენ „ნაცმოძრაობასთან“ ოპონირებას.
„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სწორად იქცევიან ხელისუფლების წარმომადგენლები, როცა ასეთ უპასუხისმგებლო ძალას ოპონირებას უწევენ: შეიძლება, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი საჭიროზე მეტ დროს უთმობდნენ მათთან ოპონირებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აბსოლუტურად გაუგებარი და შეურაცხმყოფელი იყო ის აჟიოტაჟი, რომელიც თავდაცვის უწყების განცხადებამ გამოიწვია.
„აქ ძალიან ცუდი სურათი გამოიკვეთა. ყველა პოლიტიკოსის განცხადებაში ტენდენციურობა დავინახე, განსაკუთრებით ოპოზიცია მინდა აღვნიშნო. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი არ არის, ქვეყანაში ყველაფერი კარგად განვითარდეს, ამაზე საუბარი არ ღირს“, - განაცხადა პრემიერმა.

No comments:
Post a Comment