05 November 2014

დაიშლება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა ეს უახლოეს საათებში გაირკვევა

შეიცვლება თუ არა ძალთა ბალანსი პარლამენტში და დაიშლება თუ არა უმრავლესობა, დატოვებენ თუ არა კოალიცია “ქართულ ოცნებას” თავისუფალი დემოკრატები, ან რა ფორმატით მიიღებენ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაში, ეს უახლოეს საათებში გაირკვევა.
დღეს, პრემიერის ინიციატივით, კოალიციის პოლიტსაბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილმა “თავისუფალ დემოკრატებს” სხდომაზე სრული შემადგენლობით დასწრებისკენ მოუწოდა. სწორედ აქ გაირკვევა, რა გეგმები აქვს მმართველ კოალიციას და როგორ გაგრძელდება მუშაობა პარლამენტში.
საპარლამენტო უმრავლესობიდან ფრაქცია „ქართული ოცნება - თავისუფალი დემორკატების“ გასვლის შემთხვევაში, მმართველი გუნდი პარლამენტში უმრავლესობის გარეშე დარჩება.
უმრავლესობა პარლამენტში იქმნება იმ ფრაქციის, ან ფრაქციათა ჯგუფისგან, რომლის სიითი შემადგენლობა პარლამენტის წევრთა ნახევარს აღემატება. დღევანდელ პარლამენტში 150 დეპუტატია. აქედან გამომდინარე, უმრავლესობად ჩაითვლება 76 დეპუტატის გაერთიანება.
დღევანდელი მდგომარეობით, კოალიციურ უმრავლესობაში 6 საპარლამენტო ფრაქცია და 83 დეპუტატია. უმრავლესობაში მყოფი ფრაქციებია: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები“, „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“, „ქართული ოცნება - კონსერვატორები“, „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“ და „ქართული ოცნება - მრეწველები“.
„ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ შემადგენლობაში 10 დეპუტატია: ირაკლი ჩიქოვანი, ნინო გოგუაძე, გედევან ფოფხაძე, ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი, გელა სამხარაული, თამაზ შიოშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, თამაზ ჯაფარიძე. თუკი ეს დეპუტატები დატოვებენ უმრავლესობას, კოალიციას საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 73 დეპუტატი დარჩება.
„ქართული ოცნება“ უმრავლესობის დაშლას თავიდან აირიდებს, თუ მასთან ე.წ. უპარტიო, დამოუკიდებელი დეპუტატები გაერთიანდებიან. ამ ფრაქციაში 6 დეპუტატია: კახაბერ ოქრიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი, სერგო ხაბულიანი.

No comments:

Post a Comment