25 June 2014

გიგი უგულავას საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას მოსამართლე მაია შოშიაშვილი დღეს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.
მოსამართლე სათათბიროდ მას შემდეგ გავიდა, რაც დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, გაუქმდეს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინება, რომლითაც უგულავას უფლებამოსილება შეუჩერდა, პროკურორებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. კერძოდ, ბრალდების მხარე არ ეთანხმება დაცვის შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საქალაქო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის. ამასთან, პროკურორები მიიჩნევენ, რომ უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს პირველი ინსტანციის მოსამართლეს და ამავე დონის მოსამართლე უფლებამოსილი არ არის, მისი კოლეგის გადაწყვეტილების შეცვლაზე იმსჯელოს.
პროკურორების აღნიშნული პოზიცია მიუღებელია გიგი უგულავას მხარისთვის.
როგორც ჟურნალისტებს უგულავას ადვოკატმა გიზო უგლავამ განუცხადა, მას იმედი აქვს, რომ სასამართლო თავის სიმაღლეზე დადგება და ობიექტურ გადაწყვეტიოლებას მიიღებს. ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურის პოზიცია არ არის მართებული, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ღებულობს გადაწყვეტილებას ბრალდებულის აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რაც შემდეგ ამავე ინსტანციის მოსამართლის მიერ, საქმის არსებითი განხილვის დაწყების დროს შეიძლება შეიცვალოს.

თუკი სასამართლო, დღევანდელ პროცესზე გიგი უგულავას მხარის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ამაზე ადვოკატი ჯერჯერობით არ საუბრობს.

No comments:

Post a Comment