2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების გასაშუქებლად 75 მედიასაშუალების 1052-მა ჟურნალისტმა გაიარა აკრედიტაცია. საბუთების მიღება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 12 ივნისს დასრულდა. ყველაზე მეტი, 135 წარმომადგენელი საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავს.
ცესკოს მონაცემებით, 15 ივნისს გამართულ არჩევნების გასაშუქებლად სულ 9 უცხოური მედიასაშუალების 22 წარმომადგენლი დარეგისტრირდა. მათ შორისაა: ინტერნეტ მაუწყებელი „კავკასიური კვანძი”, ტელერადიო კომპანია „მირ”, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი”, აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „აპა”, რუსეთის ფედერაციის „1 არხის” ამიერკავკასიის ბიურო, გერმანიის საერთაშორისო მაუწყებელი „დოიჩე ველე", „ბი-ბი-სი", ტელეკომპანია „ნტვ” და საინფორმაციო სააგენტო „Publika.Az”.
ამ მონაცემებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, როგორც ქართული, ისე უცხორური მედიასაშუალებების დაინტერესება ნაკლებია. გასულ წელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია 152 მედიასაშუალების 1381 თანამშრომელმა გაიარა. საარჩევნო უბნებზე საქართველოში მუშაობის უფლება 84 უცხოური მედიის 228 წარმომადგენელს ჰქონდა.
მიმდინარე არჩევნებზე გაცემული აკრედიტაციების რაოდენობა ნაკლებია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებითაც. მაშინ საარჩევნო უბნებზე მუშაობის ნებართვა 138-მა ქართულმა და საერთაშორისო მედიასაშუალებამ მიიღო.
No comments:
Post a Comment